Thursday, 31 May 2012
xარსებობს თუ არა დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება?
ხედი ხმები
ორი აზრი 4 ოქტომბერი, 2010 (All day)
არსებობს თუ არა დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება?
მომხრე
ქეთი ხუციშვილი
"ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო", აღმასრულებელი დირექტორი
ტერმინი "სამოქალაქო საზოგადოება", რომელიც XVIII საუკუნის ევროპელი ფილოსოფოსების ნაშრომებში გამოჩნდა და შემდეგ ალექსის დე ტოკვილის წიგნში "ამერიკის დემოკრატია" კრისტალიზდა, დღემდე სხვადასხვაგვარად აღიქმება. თავად ტოკვილი მას განმარტავდა, როგორც მოქალაქეთა თავისუფალი ასოციაციების მონაწილეობას დემოკრატიის განვითარებაში და როგორც ინდივიდისა და სახელმწიფოს დამაკავშირებელ სივრცეს. XX საუკუნის 80-იან წლებში, აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მოძრაობის დასაწყისში, სამოქალაქო საზოგადოება ესმოდათ, როგორც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი გაერთიანებების ერთობლიობა და ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან დაპირისპირებული სფერო.
საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების ჩამოყალიბება 80-იანი წლების დასასრულს დაიწყო, როცა შეიქმნა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, სახალხო ფრონტი და სხვანი. საზოგადოებაში გაზრდილმა დაპირისპირებამ და სამოქალაქო ომმა ამ ჯგუფებს ბუნებრივი განვითარების საშუალება არ მისცა, ზოგი მათგანი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდა, ზოგი კი გაუჩინარდა.
მეორე ტალღა 90-იანი წლების შუიდან დაიწყო; ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო დონორები მზად იყვნენ, დახმარებოდნენ სამოქალაქო აქტივობას, არჩევნებზე დაკვირვების პროცესს, ადამიანის უფლებათა დაცვას. ამ პერიოდში მრავალი ინტელექტუალისთვის "ენ-ჯი-ო" გახდა ერთგვარი ნიშა, სადაც იყო როგორც თავისუფალი აზროვნების, ასევე წესიერი და ანაზღაურებადი შრომის საშუალება. მათ გარდა, ამ ჯგუფებში ჩაერთო მრავალი ისეთიც, ვისთვისაც სამოქალაქო და ლიბერალურ ღირებულებებზე უფრო მნიშვნელოვანი ნორმალური ცხოვრების პირობები იყო.
2000-2003 წლებში სახელმწიფოს და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, მოხდა სამოქალაქო სექტორის არაბუნებრივი გაფართოება და, ფაქტობრივად, გადატვირთვა არარეალიზებული ენერგიით. ნაწილმა (როგორც მალევე აღმოჩნდა) უკვე ხელისუფლებაში მოსვლაზე და ქვეყნის მართვის ხელში აღებაზე დაიწყო ფიქრი.
2003 წლის რევოლუციის შემდეგ მოხდა ერთი ნაწილის ხელისუფლებაში "გადინება", მეორე (უფრო მცირე) ნაწილისა კი - ოპოზოციურ პარტიებში. ეს, ალბათ, ბუნებრივი პროცესი იყო, მაგრამ მისმა სისწრაფემ დარჩენილი ორგანიზაციები დასუსტებულად წარმოაჩინა. დასუსტებას ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, ხელისუფლებამ, რომელმაც ალტერნატიული აზრის იგნორირების და საჯარო სივრცის შეზღუდვის პარალელურად დაიწყო საზოგადოების დაყოფა "მომხრე" და "ოპოზიციურ" ჯგუფებად, მეორე მხრივ კი - დონორებმა, რომლებმაც ყურადღება სახელმწიფოს დახმარებაზე გადაიტანეს და სამოქალაქო სექტორი დაივიწყეს.
ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ მომკვდარა. იგი ტრანსფორმაციის მტკივნეულ პროცესს გადის და ხელახლა ყალიბდება, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებაში. აგვისტოს ომის დღეებში კი მოქალაქეების აქტიურმა დახმარებამ დევნილებისადმი ცხადყო, რომ ქვეყანაში არსებობს მოხალისეობის დიდი პოტენციალიც. დღეს აქ არიან მოქალაქეთა ჯგუფები, რომლებიც იბრძვიან ადამიანის უფლებათა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად, ცდილობენ გარემოს გადარჩენას ან სოციალურად დაუცველების დახმარებას (გრანტით თუ გრანტის გარეშე). შესაძლოა, ამ სექტორში სწორედ ის ხალხი დარჩა, რომელთაც არც ჰქონიათ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია და რომელთა უმეტესობაც მზადაა, საზოგადოების განვითარებას მოახმაროს თავისი ენერგია.
სამოქალაქო სექტორში წლების მანძილზე დაგროვებული კომპეტენცია, გამოცდილება და საჯარო სივრცეში კომუნიკაციების ახალი შესაძლებლობების გამოჩენა აუცილებლად მოიტანს სამოქალაქო აქტივობის სივრცის გაფართოებას და ახალი ინიციატივების შესაძლებლობას.
Subscribe to:
Posts (Atom)